google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0
Namee.In - CooL Wazer Portal Namee.In - CooL Wazer Portal
 Subscribe to our channel

YouTube













Home Contact us Add to Favorites

google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0 <!%IFEN2%0%-->
Reading RSS მთავარი » 2011 » აპრილი » 19 » კარგად დაცდილი, კარგად დავძლიეთ ...
  • Navigation

    რომელი ჯობია ?
    Total of answers: 724

    Top news

    Adverisement






    free counters google.com, pub-5497230673251822, DIRECT, f08c47fec0942fa0
  • კარგად დაცდილი, კარგად დავძლიეთ ...

     Published: 19.04.2011  Comments: (0)
    კარგად დაცდილი, კარგად დავძლიეთ ...
    იგორ კოკოშკოვის დამრიგებლობით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ლიტვის 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა 3 წლის წინათ, B დივიზიონში დაიწყო. ჩვენმა ნაკრებმა იმ ავადსახსენებელ 2008 წელს გასვლაზე მშვენიერი შედეგი აჩვენა, ერთი წლის შემდეგ თბილისში ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა, ფლეი ოფში გარეთ და შინ ბელარუსიც მიაყოლა და A დივიზიონში აღზევდა. გუშინ დასრულებულ ტურნირში კი ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ღირსეულად წარმოაჩინა ქართული საკალათბურთო სკოლა, გამოცდილ მოწინააღმდეგეებთან ჭიდილში მე-2 ადგილი დაიკავა, ცოტა დააკლდა ევროპირველობის ფინალური საგზურის გასანაღდებლად და მომავალ წელს, ისევ აგვისტოში, დივიზიონის ფლეი ოფში ვიასპარეზებთ. ასე რომ, 2011 წელს ლიტვაში მიმავალ გზას თუ სამ ეტაპად დავყოფთ, გუშინ ბოლოსწინა, ჩავთვალოთ, ნახევარფინალური სტადია ჩავამთავრეთ და გულშემატკივარს ერთ ფაქტს შევახსენებთ – როდესაც 1962 წელს თბილისის "დინამომ” ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, ნახევარფინალში, სოფიასა და თბილისში ბულგარულ "აკადემიკას” სძლია. ერთი სიტყვით, ნახევარფინალში ბულგარული ბარიერის დაძლევა კარგად გვაქვს დაცდილი...
    აშკარად ჩანდა, ბულგარელები ჩვენ დედაქალაქს სარევანშოდ რომ ეწვივნენ. მათი ლიდერი ფილიპ ვიდენოვი სპორტის სასახლის გასახდელიდან ასპარეზობის მოედანზე მატჩის დაწყებამდე დაახლოებით საათნახევრით ადრე გავიდა, პარკეტი, განსაკუთრებით ფარი და კალათი "დააჭაშნიკა”, ქართველთაგან მოთელვაზე ასევე ადრეულად გასულ ნიკოლოზ ცქიტიშვილსაც მეგობრულად გამოელაპარაკა. ამის შემდეგ ვიდენოვი კვლავ გასახდელში გაუჩინარდა, მისი 11 პარტნიორი კი მონდომებით შეუდგა პრინციპული შეხვედრისთვის სამზადისს – მათ ხომ მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ, ამასთან, საშინაო მატჩში ქართველებთან მარცხის რევანშის აღებაზეც ოცნებობდნენ. ძალიან სერიოზულად იყო განწყობილი ბულგარელთა სამწვრთნელო შტაბიც, რომლის შემადგენლობაში ცნობილი სერბი სპეციალისტი სვეტისლავ პეშიჩიც იყო. ბულგარელთა ნაკრების მწვრთნელთა კონსულტანტს კალათბურთის გულშემატკივრებისთვის ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება, მხოლოდ შეგახსენებთ, რომ პეშიჩის მეთაურობით გერმანიისა და იუგოსლავიის ნაკრებები ევროპის ჩემპიონები გახდნენ, 2002 წლის ინდიანაპოლისის მსოფლიოს პირ¬ველობაზე კი სვეტისლავის დამოძ-ღვრილმა სერბიისა და ჩერნოგორიის გაერთიანებულმა ნაკრებმა ჩემპიონობა თვით აშშ-ის "დრიმ თიმსაც” არ დაანება და სამშობლოში ოქროს მედლებით დაბრუნდა. არც საკლუბო დონეზე მუშაობისას დაჰკლებია პეშიჩს ტიტულები და ჯილდოები, ჩვენ კი მხოლოდ მისი "ბარსელონაში” მუშაობის პერიოდს გამოვარჩევთ – სერბი მთავარი მწვრთნელის დამოძღვრილმა კატალონიელებმა 2003 წელს ევროლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და ქვეყნის "სამეფო თასი” მოიგეს. გასაგებია ბალკანელთა მისწრაფება, მაგრამ მათზე მეტი თუ არა, არანაკლები მოტივაცია საქართველოს ეროვნულ გუნდს ამოძრავებდა. გარდა იმისა, რომ გუშინ დასრულებულ შესარჩევ ციკლში ბულგარელთა ხელმეორე დამარცხებას პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, ჩვენ ბიჭებს, ცხადია, არც სპორტის სასახლეში მრავლად შეკრებილი ერთგული გულშემატკივრის გაწბილება სურდა და სანაკრებო სეზონიც ამაღლებულ ნოტზე დასრულების შემთხვევაში, ასეთივე განწყობა ნაკრებს მთლიანად და მის ცალკეულ წევრებს მომავალი წლის მეტად მნიშვნელოვან ბატალიებში გაჰყვებოდა. ერთი სიტყვით, ორივე გუნდი პრინციპული ორთაბრ¬ძოლისთვის განეწყო და საბოლოო ჯამში მაყურებელიც ნასიამოვნები დარჩა.
    თამაში ზაზა ფაჩულიას მეტად ეფექტური და ჭკვიანური პასით დაიწყო, რასაც გიორგი ცინცაძის ორქულიანი ტყორცნა მოჰყვა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ, კარგა ხნის განმავლობაში ჩვენი ნაკრების კაპიტანი ჩრდილში მოექცა და პირველი ქულები საკუთარ ანგარიშზე მხოლოდ მეორე მეოთხედის შუაწელში ჩაიწერა. დიდ შესვენებამდე ოდნავ უკეთ სტუმრები გამოიყურებოდნენ, რაც უპირველესად ზედიზედ ზუსტად ნატყორცნმა ექვსმა სამქულიანმა განაპირობა. სწორედ ეს მომენტი გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ბულგარელებმა პირველი ტაიმი 48:41 მოიგეს. ცხადი იყო, სტუმრები შესვენების შემდეგაც აქცენტს შორეულ ტყორცნებზე რომ გააკეთებდნენ, მაგრამ მთელი შეხვედრის განმავლობაში "ჩუბინობა” არათუ როსენ ბარჩოვსკის შეგირდებს, ბულგარეთზე გაცილებით უფრო მაღალი კლასის ნაკრებს არ ხელეწიფება. ასეც მოხდა, სტუმრებს ხელი აუკანკალდათ, თუმცა, ამაში უპირველესი წვლილი პეშიჩის თანამემამულე იგორ კოკოშკოვმა შეიტანა. საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა დაცვაში თამაშიც შედარებით დაალაგა, შეტევაში კი ქართველებმა ტემპს უმატეს და მესამე პერიოდის საწყისი 5 წუთი 16:7 მოვიგეთ. შედეგად, პირველი ტაიმის შვიდქულიანი ჩამორჩენაც აღმოიფხვრა და წინაც გავიჭერით – 57:55. ასპარეზობის ამ მომენტში შედეგიანი და ეფექტური თამაშით თავი თორნიკე შენგელიამ, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და მანუჩარ მარკოიშვილმა გამოიჩინეს. მთლიანობაში, მატჩის გადამწყვეტი მეოთხედი 32:20 მოვიგეთ და დასკვნით პერიოდში მოგებას ხელიდან რომ არ გავუშვებდით, ნათელი შეიქნა. საქმე ისაა, რომ ფაჩულიასთან, გიორგი შერმადინსა და ვიქტორ სანიკიძესთან ფარქვეშ ორთაბრძოლების დროს ბულგარელები მოიქანცნენ და რაც მთავარია, პერსონალური ჯარიმებიც დაუგროვდათ. ბოლო 10-წუთიან მონაკვეთში კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანიკიძემ გაიბრწყინა – უპირველესად მისი უზადო ასპარეზობის წყალობით ჩვენ სასარგებლოდ ქულათა სხვაობამ 15-ს მიაღწია, საბოლოოდ კი 94:83 ვიმარჯვეთ და ქართული კალათბურთის გულშემატკივრებს სრული საფუძველი გვაქვს მომავალი წლის მესამე, გადამწყვეტ საფლეიოფო ეტაპს იმ იმედით დაველოდოთ, რომ ჩვენი ბიჭები კიდევ უფრო ძლიერად იასპარეზებენ. საამისო განწყობის საფუძველი კი ნამდვილად გაგვაჩნია. გავიხსენოთ საქართველოს ნაკრების მიერ ბრწყინვალე სტილით (ნუ მოვერიდებით ამგვარ შეფასებას) მოპოვებულ გამარჯვებებს პოლონეთთან და ორჯერ ბულგარეთთან. სწორედ ეს 2 გუნდი ითვლებოდა ჯგუფის ფავორიტად, კოკოშკოვის გაწვრთნილმა ბიჭებმა კი მათთან პაექრობისას მთელ საკალათბურთო სამყაროს, უპირველესად კი საკუთარ თავსა და ქართველ გულშემატკივრებს დაუმტკიცეს, ლიტვის 2011 წლის ევრო-პირველობაზე გამოსვლა უტოპია კი არა, სავსებით რეალური რომაა. ჩვენთან ერთად ფლეი ოფში გასულ ნაკრებთაგან ყველაზე მდიდარი ტრადიცია იტალიას აქვს. გუშინ დასრულებულ შესარჩევი ციკლის რამდენიმე მატჩი ვიხილეთ აპენინელთა მონაწილეობით და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ორგზის ჩემპიონსა და ოლიმპიური თამაშების ასევე ორგზის ვერცხლისმედალოსანს საქართველოს ამჟამინდელი ნაკრები არაფრით ჩამოუვარდება. ახლა მთავარია, გასული ასპარეზობები კარგად გავაანალიზოთ, სათანადო დასკვნები მწვრთნელებმაც გამოიტანონ და მომავალი წლის აგვისტოს ბატალიებს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში შევხვდეთ.
    ერთ შენიშვნას სპორტის სასახლის ადმინისტრაციასაც შევბედავთ. მათ მიერ გაწეული საორგანიზაციო საქმე კარგ დონეზე უნდა შევაფასოთ, თუმცა, მატჩის მსვლელობისას დარბაზის განათება ძალიან სუსტია და იმედია, სამომავლოდ, ეს არცთუ უმნიშვნელო ნაკლი აღმოიფხვრება.
    იგორ კოკოშკოვი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ძალიან რთული თამაში იყო. ბულგარეთი სასურველი სხვაობით მოსაგებად იბრძოდა, მაგრამ მე-2 ტაიმში ჩინებულად გავისარჯეთ. ჯგუფში 5 მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ეს ფინალურ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. თუმცა, A დივიზიონში სადებიუტო სეზონს ვატარებდით და ცუდი შედეგი ნამდვილად არ გვიჩვენებია. იმედი მაქვს, კარგი განწყობა სამომავლოდაც გადაგვყვება და ევროპის ჩემპიონატის ბოლო საგზური სწორედ ჩვენ დაგვრჩება”.
    როსენ ბარჩოვსკი (ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "მატჩის წინ ორივე გუნდი ცუდ სიტუაციაში იყო. ჩვენ დიდი ანგარიშით მოგება გვჭირდებოდა და საქართველოს ნაკრებიც იგივეზე ფიქრობდა, თუმცა, ბრძოლა თანაბარი გამოვიდა. ქართველებმა კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით, მე-2 ტაიმში. ისინი დაცვაში ჩინებულად გაისარჯნენ, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა”.


    საქართველო – ბულგარეთი 94:83 (24:19, 17:29, 32:20, 21:15)
    თბილისი. სპორტის სასახლე. 8200 მაყურებელი
    საქართველო: სასტარტო: ზაზა ფაჩულია (14ქ, 12მ, 3ჩ, 1პ), გიორგი ცინცაძე (5ქ, 3მ, 4პ, 2ჩ), ვიქტორ სანიკიძე (27ქ, 11მ, 3დ, 1ჩ), ტორინ გრინი (11ქ, 3პ), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (8ქ, 5მ, 1ჩ). შემცვლელები: მანუჩარ მარკოიშვილი (14ქ, 1მ, 5პ, 2ჩ), გიორგი გამყრელიძე (4ქ, 2მ, 2პ, 1ჩ), ანატოლი ბოისა (1მ), გიორგი შერმადინი (6ქ, 4მ), თორნიკე შენგელია (5ქ, 2პ).
    მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი
    ბულგარეთი: სასტარტო: კალოიან ივანოვი (14ქ, 12მ, 2პ, 1ჩ), ფილიპ ვიდენოვი (12ქ, 5მ, 3პ, 3ჩ), ერლ კალოვეი (17ქ, 3მ, 3პ, 2ჩ), ალეკსანდარ გეორგიევი (12ქ, 5მ, 2პ,), ნიკოლაი ვარბანოვი (6ქ, 4მ). შემცვლელები: დეიან ივანოვი (4მ, 1პ), ჩავდარ კოსტოვი (12ქ, 1მ, 1ჩ), სტეფან გეორგიევი (5ქ, 1მ, 1ჩ), ასენ ველიკოვი (2ქ, 1მ, 1პ), ივან ლილოვი (3ქ, 1მ, 2პ, 1ჩ).
    მწვრთნელი: როსენ ბარჩოვსკი
    მსაჯები: ჯანლუკა მატიოლი (იტალია), ადემირ ზუპაროვიჩი (ბოსნია), ალეკსანდარ გისიჩი (სერბია)
    მატჩის კომისარი: დავიდ დაგანი (ისრაელი)

    ბელგია – პოლონეთი 70:67 (15:23, 18:16, 23:16, 14:12)
    1. ბელგია 6 2 604-580 14
    2. საქართველო 5 3 599-568 13
    3. ბულგარეთი 4 4 638-600 12
    4. პოლონეთი 4 4 607-579 12
    5. პორტუგალია 1 7 518-639 9




    WorldSport.Ge


    სხვა - საქართველოს გაუმარჯოს!

    [Tulson]

    Related News:

      dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
      Name *: Email:
      Code *:
    • Tags